„აისი“ „ყაზბეგის“ ყიდვით დაინტერესებას ადასტურებს

კომპანია „გლობალ ბიერ ჯორჯია“, რომელიც „აისის“ ბრენდის ლუდს აწარმოებს კომპანია „ყაზბეგის“ ყიდვით არის დაინტერესებული.

„აისის“ წარმომადგენელი თამარ გოჩაშვილი BM.GE-თან ადასტურებს, რომ კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს „ყაზბეგთან“, თუმცა მისი თქმით, პროცესი დასრულებული არ არის.

გოჩაშვილის ინფორმაციით, „აისი“ დაინტერესებულია როგორც ბრენდის შეძენით, ისე განიხილება სხვა დეტალებიც, რაზეც კომპანია მოლაპარაკეების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ახლო მომავალში განაცხადებს.

„გლობალ ბიერ ჯორჯიასთან“ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ BM.GE-ს „ყაზბეგის“ დამფუძნებელმა გოგი თოფაძემაც დაუდასტურა.

კომპანია „გლობალ ბიარ ჯორჯია“ 2014 წელს დაფუძნდა. ის „აისის“ ბრენდის“ ლუდს და „ბერიკას“ ლიმონათს აწარმოებს. კომპანია ფლობს ასევე „ჰაინეკენის“, „ამსტელისა“ და „კრუშოვიცეს“ საფირმო სახელწოდებით ლუდის წარმოების უფლებას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

„გლობალ ბიარ ჯორჯია“ ღვინის ერთ-ერთმა წამყვანმა მწარმოებელმა კომპანია „ თელიანი ველმა“ დააფუძნა. კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე საჯარო კომპანია „ ბიჯეო ჯგუფია“.

რაც შეეხება კომპანია „ყაზბეგს“, ის ბიზნესმენმა გოგი თოფაძემ 1994 წელს დააფუძნა და პირველი ქართული ლუდი 1995 წელს გამოუშვა.

Related posts