გიორგი ქობულია – საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8,7 მლნ – ი პირველად შეადგინა

✔️ გიორგი ქობულია – საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8,7 მლნ – ი პირველად შეადგინა

✅ საქართველოში რეკორდული ოდენობის საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა და დაახლობიოთ 8,7 მილიონი შეადგინა. ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან და ეს მაჩვენებელი შარშანდელზე დაახლოებით 20 პროცენტით მეტია. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი სექტორია, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ეკონომიკის ზრდაში, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ 2018 წელს საქართველოში ტურიზმის სექტორის სტატისტიკის შეფასებისას. მისი თქმით, მთავრობის მიერ მიზნობრივ ბაზრებზე ეფექტური მარკეტინგული პოლიტიკის წყალობით საქართველო, როგორც რეგიონის წამყვანი ტურისტული ქვეყანა, ყოველწლიურად პოპულარული ხდება.

✅ პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ტურისტული ბიზნესისა და მას-მედიის წარმომადგენლები.

✅ „ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა არამარტო ვიზიტორების, არამედ ტურისტების – ყველამ ვიცით, რომ ვიზიტორი არის ქვეყანაში ერთი დღითშემოსული ადამიანი, ხოლო ტურისტი არის ის ვიზიტორი, ვინც ჩვენს ქვეყანაში ერთ დღეზე მეტ ხანს რჩება. 2018 წელს საქართველოში შემოსული8.7 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორიდან 5 მილიონი ტურისტი იყო, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ იზრდება არამხოლოდ ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა, არამედ იზრდება მათგან მიღებული შემოსავლებიც. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ადამიანები უფრო მეტ ფულს ხარჯავენ საქართველოში, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

✅ აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესტონეთი (+80%), სლოვაკეთი (+62%), რუმინეთი (+59%), ნიდერლანდები (+56%), გერმანია (+50%), ლატვია (+50%), ჩეხეთი (+44%), პოლონეთი (+37%), საფრანგეთი (+36%), გაერთიანებული სამეფო (+31%), იტალია (+30%) და სხვა.

✅ განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +112%,ჩინეთი +75%, ბელარუსი +43%, ისრაელი 36%, ქუვეითი +34%, ყაზახეთი +25% და აშშ +25%.

✅ 2020 წლის ბოლომდე საქართველოში 230-ზე მეტი ახალი სასტუმრო და სხვა ტურისტული განთავსების ობიექტი, 22,600 საწოლი ადგილით გაიხსნება, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების განთავსების ობიექტები არა მხოლოდ თბილისსა და ბათუმში, არამედ ქვეყნის სხვა რეგიონებშიც აშენდება, რაც ადგილებზე გაზრდის ეკონომიკურ აქტივობას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. მისი თქმით, 230 ტურისტული ობიექტიდან, 32 მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო აშენდება, საიდანაც 14 ამოქმედდება თბილისში, დანარჩენი სასტუმროები განთავსდება ბათუმში, მწვანე კონცხზე, ქუთაისში, თელავში, აგრეთვე საქართველოს სამთო კურორტებზე – გუდაურში, ბაკურიანსა და გოდერძიზე.

✅ გიორგი ქობულიას განცხადებით, ერთ-ერთი უმთავრესია ტურიზმის რეგიონულ ჭრილში განვითარება. მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო უწყებებთან, რათა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებსა და დასახლებულ პუნქტებში ტურიზმის განვითარების სრულფასოვანი გეგმა ჩამოყალიბდეს და მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

✅ კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაასახელა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, როგორიცაა მარტვილში სალხინოს რეზიდენცია, დუშეთის მუნიციპალიტეტში ჭილაშვილების სასახლის, კასპში ობელიანების სასახლისა და სხვა ობიექტების ტურისტულ ობიექტებად ფორმირება. თუმცა, გიორგი ქობულიას განცხადებით, ეს უნდა მოხდეს გაიჯარების შესახებ მკაცრი რეგულირებით და ძეგლის დაცვის პირობით.

✅ გიორგი ქობულიამ ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოს კიდევ ერთ სიმდიდრეზე, რომელსაც ასევე შეუძლია მნიშვნელოვანი ფუნქცია იკისროს რეგიონებში ტურიზმის განვითარების მიმართულებით. საუბარია სამკურვალო-გამაჯანსაღებელი კურორტების პოპულარიზებაზე.

✅ მინისტრის შეფასებით, ტურიზმის ზრდის ხელშეწყობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი საქართველოს სამთო კურორტებს უჭირავს, შესაბამისად, გიორგი ქობულიას თქმით, მთის კურორტებზე დამატებით განხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოიზიდოს და მათ ღირსეულად უმასპინძლოს ოთხივე სეზონის განმავლობაში.

✅ „როგორც იცით, ჩვენ აქტიურად ვემზადებით 2023 წელს ფრისტაილის ჩემპიონატის ბაკურიანში ჩასატარებლად, ამისთვის გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია რამდენიმე სპეციფიკური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, მათ შორისაა ახალი სათხილამურო ტერიტორიების შექმნა, ახალი საბაგიროების მშენებლობა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები“ – აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

Related posts