ევროპაში ქართული ნომრით, იმავე ფასად ისაუბრებთ, როგორც საქართველოში

„თუ ტელეფონის ქართული ნომრით წახვალთ ბელგიაში, ზარებზე არ უნდა დახარჯოთ იმაზე მეტი, ვიდრე საქართველოში გჭირდებოდათ“, – ამის შესახებ ევროკავშირში ევროპის საგარეო მოქმედებათა სერვისის განყოფილების ხელმძღვანელმა ბორის იაროშევიჩმა განაცხადა.

როგორც მან „საზოგადოებრივ მაუწყებელთან” განმარტა, როუმინგის ტარიფის გაუქმება ევროკავშირის საზღვრებს უნდა გასცდეს.

„თუ მოგზაურობთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ქვეყნებში ან ამ ქვეყნებიდან ევროპაში, მაშინ როუმინგის გადასახადი ძალიან ძვირია. როუმინგის გადასახადი გაუქმდა ევროპაში და ახლა გვსურს, იგივე გავაკეთოთ 6 პარტნიორთან. მაგალითად, თუ ტელეფონის ქართული ნომრით წახვალთ ბელგიაში, ზარებზე არ უნდა დახარჯოთ იმაზე მეტი, ვიდრე საქართველოში გჭირდებოდათ. გაცილებით იაფი უნდა იყოს, იგეგმება ერთიანი ტარიფის შემოღება, რაც კომპანიებთან შეთანხმების საფუძველზე იქნება მიღებული.

ტარიფს ოპერატორები დაადგენენ, მაგრამ იქნება დაბალი და ყველასათვის მისაღები. ჩვენ ვგეგმავთ პროცესის დასრულებას 20/20–სთვის. ასეთია გეგმა. გავაკეთეთ ევროპისთვის და ამის შემდეგ როუმინგის ტარიფის გაუქმება ევროკავშირის საზღვრებს უნდა გასცდეს. ამ ინიციატივის შესახებ, ბრიუსელის დეკლარაციაშიც გაკეთდება ჩანაწერი და მუშაობის დასრულებას რამდენიმე წელი დასჭირდება“, – განაცხადა ბორის იაროშევიჩმა.

რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობისას მომხმარებელს ადგილობრივი ტარიფებით სარგებლობა შეუძლია, როგორც სატელეფონო სერვისებზე, ასევე მობილური ინტერნეტის გამოყენებისას, ევროპარლამენტმა აპრილში დაამტკიცა.

fortuna.ge

Related posts