ილია მეორე – ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა თავისი

ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა თავისი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამებაში, მრევლთან და სამღვდელოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა. 

პატრიარქმა ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურს, მრევლისგან მოისმინოს, რა უნდა გაკეთდეს, რათა ქართველმა ხალხმა თავისი სახე შეინარჩუნოს.

“მინდა, მოვისმინოს თქვენგან, რა უნდა გაკეთდეს, რათა ქართველმა ხალხმა შეინარჩუნოს თავისი სახე. ჩვენ ძალიან ხშირად ვფიქრობთ და ვამბობთ იმის შესახებ, რომ აი, ბევრი ტურისტი ჩამოდის. ეს გვახარებს.  ტურისტთან ერთად შემოდის მატერიალური დოვლათიც. საქართველოს აქვს მიზიდულობა, მაგრამ ეს გვაწყობს ჩვენ, თუ არა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა  – თავისი. რა უნდა გაკეთდეს, რათა სამუშაოები ადგილები გაჩნდეს, ძალიან ხშირად ამაზე ვლაპარაკობთ ჩვენ. სამუშაო ადგილი თუ უნდა ადამიანს, აუცილებლად გაჩნდება” , – აღნიშნა პატრიარქმა.

როგორც პატრიარქმა განაცხადა ხალხმა ყურადღება უნდა მიაქციოს ტაძრებს, სახლებს, ქუჩების სისუფთავეს.

“მე მახსოვს ადრე ირეცხებოდა ქუჩები, მანქანა დადიოდა დილით ადრე და რეცხავდა ქუჩებს, ახლა რაღაც აღარ ჩანს. შევახსენოთ, რომ სახელმწიფო უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ საქმეში”, – აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორემ ქართული მიწის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

“ჩვენ გვქონდა ურთიერთობა, კავშირი კვიპრიოსთან და კვიპროსის მღვდელმთავრები გვირჩევდნენ, რომ უპირველეს ყოვლისა მიხედეთ მიწას. მიწა არ გაასხვისოთ, მიწა არ გაყიდოთ. დღესაც ეს აქტუალური პრობლემაა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორ შევინახოთ მიწა და რა არის მიწის გარდა, კიდევ რა ფასეულობა გვაქვს წყალი”, – აღნიშნა პატრიარქმა.

Related posts