‘კურორტ საირმის თავზე კატასტროფული ვითარებაა შექმნილი,’- გარემოს დაცვის მინისტრს რეაგირებისკენ მოუწოდებენ

“ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმის თავზე, დიდმაღალში კატასტროფული ვითარებაა შექმნილი,” – ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობიანი საქართველოს“ ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიგოგიძემ განუცხადა.

ჩიგოგიძის თქმით, დიდმაღალაში მასიურად აქვს დაწყებული ხმობა წიწვოვან მცენარეებს, მიზეზი კი “ლაფანჭამიის” სახელწოდებით ცნობილი დაავადებაა.

„დაავადება გავრცელებულია წიწვოვან მცენარეებზე, რამდენიმე ძირი ერთეული უკვე გამხმარია, უმრავლესობას კი უკვე დაწყებული აქვს ხმობა, დაავადების კერა გავრცელებულია დიდ ტერიტორიაზე. მივმართავთ გარემოს დაცვის მინისტრს, რომ მოახდინონ დროული და შესაბამისი რეაგირება, მოხდეს აღნიშნული კორომების შეწამვლა, რომ დაავადების გავრცელების კერა შეჩერდეს და მწვანე საფარი შენარჩუნდეს. აღნიშნული ლოკაცია ისედაც ალპური ზონაა და განსაკუთრებულად მეტი ყურადღებაა საჭირო,” -აცხადებს ირაკლი ჩიგოგიძე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ახალი ამბების სააგენტო გარემოს დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მოსაკვლევად დრო სჭირდებათ.

Related posts