მთავრობის ადმინისტრაცია – ბორჯომისა და ატენის ხეობებში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე, გასული ღამის მანძილზე ბორჯომისა და ატენის ხეობებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ატენში ხანძარი ლოკალიზებულია. კერების სრული ლიკვიდაციის მიზნით, ხეობაში მუშაობას აგრძელებენ თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ნაწილები. ასევე, ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა.

„ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, ცეცხლის არეალი კი საგრძნობლად შემცირებული. თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე კერა. მთელი ღამის მანძილზე ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. შეუჩერებლად მუშაობდა მძიმე ტექნიკა. დილიდან მუშაობა განაახლა ხუთმა ვერტმფრენმა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთო თურქული მხარის მიერ გამოგზავნილი თვითმფრინავი. სტიქიის ზონაში იმყოფება 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე სომხეთიდან. ისინი ქართველ მეხანძრე-მაშველებს დაეხმარებიან. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან გამოგზავნი მძიმე ტექნიკაც. საგანგებო შტაბის სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და სხვა წევრები ესწრებოდნენ.

შტაბის სხდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბში გაიმართა“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

 

 

Related posts