ნოდარ დუმბაძის ძალიან მაგარი ხუმრობების კრებული

(ენ პი ეი) ადგილი სერგო ორჯონიკიძის ძეგლისთვის

თბილისში სერგო ორჯონიკიძის ძეგლის გახსნაზე, ერთ-ერთ ჩინოვნიკს ჩურჩულით უთქვამს:

– ძალიან ცუდი ადგილი შეურჩევიათ ძეგლისთვის.

– კარგი ადგილი რაც იყო საქართველოში, გააჩუქა მაგ შეჩვენებულმა და რაც დარჩა, აგია, – ჩურჩულითვე უპასუხია ნოდარ დუმბაძეს.

 

 

სტუდენტი და რექტორი

ნიკო კეცხოველი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რექტორი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში. მართალია, მას მკაცრი რექტორის სახელი ჰქონდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ საოცრად გულისხმიერი იყო და შეძლებისდაგვარად ყველას ეხმარებოდა, განსაკუთრებით ნიჭიერ სტუდენტებს გზის გაკვლევაში.

ერთხელ, ნიკო კეცხოველს მოუსმენია როგორ კითხულობდა უნივერსიტეტის კედლებში საკუთარ ლექსებს ყმაწვილი და როგორ გაფიციციებით უსმედნენ თანატოლები. თავადაც ძალიან მოსწონებია და დაინტერესებულა სტუდენტის ვინაობით. უთხრეს – ნოდარ დუმბაძეა და ეკონომიურზე სწავლობსო. მშობლები რეპრესირებული ჰყავს, მამა დაუხვრიტეს, დედა კი ჯერ ისევ გადასახლებაშიო.

შეწუხებულა ბატონი ნიკო – “ობოლია და ძალიან ნიჭიერი, ხელშეწყობა სჭირდება”, – გაუფიქრებია. სთხოვა მდივანს, რომ სტუდენტი მასთან მისულიყო.

დგას გაოცებული და ოდნავ შეშფოთებული ნოდარ დუმბაძე რექტორის კაბინეტთან და ფიქრობს – რა დავაშავე? იქნებ უნდა გამრიცხონ, მე ხომ “ხალხის მტრების” შვილი ვარ?

ამ ფიქრებშია და შევიდა რექტორის კაბინეტში. კეცხოველი ქაღალდებშია ჩაფლული, რამდენიმე ხნის შემდეგ თავი ასწია და უთხრა – “მომწონს შენი ლექსები, კარგად წერ, არ გინდა, ფილოლოგიურზე გადაგიყვანო?”

ნოდარს სახე გაებადრა და მისთვის ჩვეული იუმორით მიუგო:

– ბატონო ნიკო, მე ეკონომიურზე რომ ვსწავლობ, იმიტომ უკვირთ და მოსწონთ ჩემი პოეტობა, თორემ ფილოლოგიურის სტუდენტი რომ ვიყო, მაშინ კი აღარ გაუკვირდებათ.

– ენამოსწრებულიც ყოფილხარ, – გაუცინია გკლიანად კეცხოველს.

ამ შეხვედრიდან რამდენიმე წლის შემდეგ უკვე ცნობილ მწერალს ნოდარ დუმბაძეს უთქვამს: “მე რომ კალამს მოვკიდე ხელი, ეს კეცხოველის დამსახურებააო”.

დუბლები

1981 წლის 13 მაისს, ევროპის თასების მფლობელთა თასის აღების შემდეგ თბილისის “დინამო” დიდი პოპულარობით სარგებლობს, ცეკას დავალებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში შეხვედრებსაც მართავს მოსახლოებასთან. ერთ დღესაც ნოდარ ახალკაცს ცეკა-დან ურეკავენ და ეუბნებიან, რომ ფეხბურთელები ქართველ მწერლებს უნდა შეხვდნენო.

“დინამო” მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადება, მაგრამ ახალკაცი უარს ვერ ეუბნება პარტიულ მუშაკებს. როცა მაჩაბლის ქუჩაზე მივიდნენ, მათ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ნოდარ დუმბაძე შეეგებათ. ახალკაცმა მოუბოდიშა – მნიშვნელოვანი მატჩისთვის ვემზადებით და უნდა მაპატიოთ, ძირითადი შემადგენლობა ვერ წამოვიყვანე, დუბლები მოვიყვანეო.

– არა უშავს, ჩემო ნოდარ, აქაც დუბლები ვართ, ძირითადი შემადგენლობა კარგა ხანია მთაწმინდაზეაო, – უპასუხია ნოდარ დუმბაძეს.

თავი და თავშესაფარი

როდესაც, ქართული დელეგაცია უცხოეთში მიემგზავრებოდა, მათ თან ახლდათ უშიშროების წარმომადგენელიც, რომელიც იმაზე “ზრუნავდა”, რომ დელეგაციიდან ვინმე უცხოეთში არ დარჩენილიყო.

ერთხელაც გერმანიაში გაემგზავრნენ ჩვენი მწერლები, მათ შორის იყო ნოდარ დუმბაძე და გიგლა ფირცხალავა, რომელსაც ნოდარ დუმბაძე დასცინოდა – დიდი თავი გაქვსო. უშიშროებიდან კი გაჰყვათ ახალგაზრდა, გამოუცდელი ყმაწვილი, რომელიც დაშინებული და ფართო თვალებით ყველას ფეხდაფეხ დასდევდა, ემანდ უცხოეთში არ დარჩნენო.

ნოდარ დუმბაძემ ეს შეამჩნია და ერთხელაც სრული სერიოზულობით უთქვამს ყმაწვილისთვის:

– მოდი, შვილო, უბედურება გვჭირს. ჩემი თვალით ვნახე, გიგლა ფირცხალავა პოლიციელთან როგორ მივიდა და თავშესაფარი სთხოვაო.

– მერე? – უკითხავს შეშფოთებით დაზვერვის ბიჭს.

– პოლიციელმა უთხრა, – უსინდისო ვიყო, თუ მაგხელა თავშესაფარი მქონდეს, ეს რამოდენა თავი გქონიაო.

როლები ქართველებისათვის

კინოსტუდიაში უცხოელი სტუმრები არიან ჩამოსული. რეზო ჩხეიძე “დონ კიხოტს” იღებს. ერთ-ერთ უცხოელ რეჟისორს შეუთავაზებია, ერთობლივად ხომ არ გადაგვეღო “ვეფხისტყაოსანიო”: თინათინს ითამაშებს ოდრი ჰეფბერნი, ნესტან-დარეჯანს – სოფი ლორენი, ტარიელს – ლოურენს ოლივიე, ავთანდილს – პიტერ ოტული და ასე ჩასულა ფატმანამდე…

ვიღაცას უკმაყოფილება გამოუთქვამს:

– რაღა ერთობლივი ფილმია, თუ მხოლოდ უცხოელები ითამაშებენ. ჩვენ, ქართველებმა, ვინღა ვითამაშოთო?!

– როგორ თუ ვინ? ამდენ ქაჯებს თამაში არ უნდა, – ჩაერთო საუბარში ნოდარ დუმბაძე.

 

გოეთეს ტელეფონი

ნოდარ დუმბაძე “ნიანგის” რედაქტორია. ამ დროს კონსტანტინე გამსახურდია იგავ-არაკებს აქვეყნებდა ჟურნალში. ნოდარმა დაიბარა თავისი მდივანი და სთხოვა კონსტანტინე გამსახურდიასთან წასულიყო. გოგონამ სასტიკი უარი განაცხადა – “მეარშიყება ეს ბერიკაციო”.

– მერე რა, გოეთე 80 წლის იყო და 16 წლის შეყვარებული ჰყავდაო, – უთქვამს ნოდარ დუმბაძეს.

ამაზე სულ აღშფოთდა მდივანი და კარებში გასვლისას უთქვამს:

– მაგ გოეთეს ტელეფონს მოვძებნი დავურეკავ და მაგრად გამოვლანძღავ, პატარა გოგონებს ტვინს რომ ურევსო.

– ნახე მანდ, ტელეფონების წიგნში იქნება, – მიაძახა დუმბაძემ.

კარგა ხნის შემდეგ შემოდის შეწუხებული მდივანი და ეუბნება:

– ბატონო ნოდარ, აქ მხოლოდ გოთუები არიან, გოეთეებს ვერსად მივაგენიო.

– ჩვენი კავშირგაბმულობის ამბავი რომ ვიცი, ეტყობა არ აღირსეს ტელეფონიო, – სიცილით უპასუხია ნოდარ დუმბაძეს.

წვიმაში

გიგა ლორთქიფანიძე და ნოდარ დუმბაძე ფილარმონიის წინ დგანან, ამ დროს თავსხმა წვიმა წამოსულა. ნოდარს უნდა, რომ თავი შეაფაროს სადმე. გიგა ადგილიდან არ იძვრის. ცოტა ხანი უყუურა, უყურა და მერე გაბრაზებით უთქვამს:

– გიგა, შე კაცო, ვიდრე ყლორტები არ ამოგივა მაგ ფეხზე, მანამდე არ შემოხვალ მშრალშიო.

ცეკას მდივნის პალტო

გიგლა ლორთქიფანიძე იხსენებდა:

“მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” დაბეჭდილიც არ იყო, რომ ხელნაწერში წავიკითხე და ძალიან მომეწონა. მაშინვე გადავწყვიტე თეატრში დამედგა. იმ დროს შექმნილი ნაწარმოებებიდან ეს ერთადერთი იყო, რომ მთავარი გმირი ოროსანია, კომკავშირელი არ არის, არც რაიკომია სადმე ნახსენები და არც აღმასკომი. არც მოწინავე კოლმეურნეები ჩანან. მოკლედ, დავდგი სპექტაკლი.

“პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა. მეორე დღეს მე და ნოდარი ჩემთან სახლში ავღნიშნავთ ამ ამბავს, მამაპაპურად “შევუბერეთ”, ორივენი გალეწილი მთვრალები ვართ. ამ დროს თეატრიდან დარეკეს – სპექტაკლის სანახავად მჟავანაძეა მოსული ბიუროს წევრებთან ერთად, კითხულობენ, სად არის ავტორი და რეჟისორიო.

“ჩემი ცოლი დატრიალდა, სულ ცივი წყალი გვასხა და ნიშადური გვასუნქა. წავედით. თან ვცდილობთ ბიუროს წევრებისაგან თავი შორს დავიჭიროთ, რომ ჩვენი “სურნელით” არ შეწუხდნენ.

“დამთავრდა სპექტაკლი მივვარდი მჟავანაძეს და პალტო ჩავაცვი. ვხედავ, სიცილით კვდება ნოდარი. გავაცილეთ სტუმრები და ვეკითხები:

“- რა იყო, თავი რომ მომჭერი?

“- მე მოგჭერი, თუ შენ მთელი საქართველოს მასშტაბით, ამ კოჭლმა კაცმა რაფრა მომასწარი სტუმრის პატივისცემაო” – მიპასუხა ნოდარმა”, – იხსენებდა წლების შემდეგ გიგა ლორთქიფანიძე.

კრემლის კედელი

გიგა ლორთქიფანიძე და ნორდარ დუმბაძე მოსკოვში არიან. მათი სასტუმროს ფანჯრები კრემლს გაჰყურებენ. ნოდარი ფანჯარასთან დგას და ხედავს, რომ კრემლის კედელთან სამგლოვიარო პროცესიაა – ვიღაც “დიდ კაცს” ასაფლავებენ. მოტრიალებულა და ჩაფიქრებულს უთქვამს.

– გიგა, აი, კრემლი დაინგრევა, აგურები გამოაქვთ, ფერფლი შეაქვთ და კედელს რა გააჩერესო.

მწერლის მეუღლე და მისი შემოქმედებაში

ერთხელ ნოდარ დუმბაძისთვის მეუღლეს საყვედურით უთქვამს:

– ყველაფერზე და ყველაზე წერ, რა მოხდება ჩემზეც რომ დაწერო რამეო.

– ამდენ ხანს ხატიაში შენი თავი თუ ვერ დაინახე, ცუდად ყოფილა ჩემი საქმეოო, – ამოუოხრია მწერალს.

 

ვატორი: თათა მურაჩაშვილი

Related posts