უცხოელი კინომწარმოებლები საქართველოში 36,5 მლნ ლარზე მეტს დახარჯავენ

საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, ყოველდღიურად უფრო აქტუალური და დატვირთული ხდება. „გადაიღე საქართველოში“ კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტია, რომელიც „აწარმოე საქართველოშის“ ნაწილია. მის ფარგლებში, უკვე 18 უცხოური პროექტი განხორციელდა. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში გადაიღონ ფილმი, თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

2018 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, პროგრამა „გადაიღე საქართველოშის“ ფარგლებში შემოსული 18 განაცხადიდან, გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 9 ფილმზე კი – ამჟამად მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, საქართველოში, ჯამურად, 36.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი, დასაქმებულთა რაოდენობა 4 000-მდე ადამიანს შეადგენს.

Related posts