ქართული ფილმის-‘განწირული გვირგვინი’ პრემიერა ქუთაისში

ქუთაისში ქართული ფილმის-“განწირული გვირგვინი” პრემიერა გაიმართება.

ცისკარა ფაჩულიას ფილმი ქართველებისთვის სახელმწიფოებრიობის, ძალაუფლების უძველეს სიმბოლოზე-„კოლხურ დიადემაზე“ და მის ბედზე მოგვითხრობს. ფილმი ქუთაისშია გადაღებული.

“კინო ადამიანის კულტურასა და ჩამოყალიბებაზე არსებით გავლენას ახდენს. დედამიწის ზურგზე ალბათ არ მოიძებნება არავინ, ვისაც არ ეყვარება ფილმის ყურება. სწორედ, მათთვის, ვინც გატაცებულია ამ საქმით, მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო ისტორიაზე დაყრდნობით გადაღებული სათავგადასავლო ფილმი -“განწირული გვირგვინი,”– ამბობს ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი ცისკარა ფაჩულია.

ფილმის ანოტაცია:

“სანდრო მუზეუმის ჩვეულებრივი თანამშრომელია. მისი ცხოვრება არაფრით განსაკუთრებულით არ გამოირჩევა. განვითარებულმა მოვლენებმა ის განძის გადამყიდველების სახიფათო ბანდასთან დააპირისპირა. კრიმინალური წარსულის მქონე „შავი“, მრავალი წელია, ქართული ისტორიული და ფასდაუდებელი საგანძურით ვაჭრობს.

სანდრო შემთხვევით გაიგებს „შავის“ ჩანაფიქრს. ის გადაწყვეტს ქართული საგანძური გადაარჩინოს, თუმცა ეს მას საყვარელი ადამიანისა და დიდი მსხვერპლის ფასად შეიძლება დაუჯდეს.

მოტყუებული ბანდა, რომელსაც სანდრო დიადემას მოპარავს, მას მოსაკლავად დასდევს და ბევრ წინააღმდეგობებს და ფათერაკებს უქმნის. შეძლებს კი მუზეუმის თანამშრომელი სანდრო არ დაუშვას „ოქროს საწმისის“ ამბის გამეორება?!”

ფილმში მონაწილეობენ: თემურ ხითარიშვილი, გოჩა ტყეშელიაძე, ლანა ცინცაძე, მიშა თათელიშვილი, თემურ ისაკაძე, ნიკა ოკრიბაშვილი, გიგა გუბელაძე, მიშა ჭელიშვილი, ოთარ ლარცულიანი, ვაჟა ჩიკვაიძე, გიორგი ცხელიშვილი.

ფილმში გამოყენებული მუსიკის ავტორია: გოჩა ჩოგოვაძე.

ფილმის ვიდეო–ანონსი (Trailer) სოციალურ ქსელში რამდენიმე კვირაში გამოჩნდება. ქუთაისში ფილმის პრემიერა კი მაისის თვეში იგეგმება.

 

 

 

Related posts